English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ მაია გოგოხია
საბანკო სექტორის საქმიანობის რეგულირების საკითხისათვის

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტიანობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეესაბამება ფულადი მასის სიდიდე ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნებს, შეუფერხებლად ხორციელდება თუ არა ანგარიშსწორება ეკო­ნო­მიკურ სუბიქტებს შორის, არსებობს თუ არა ქვეყანაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი გარემო, როგორია ინფლაციის დონე და ფინანსური რესურსების ღირე­ბულება ეკონომიკური სუბიექტებისათვის. აღნიშნულის შეფასებისათვის შესაძ­ლე­ბელია სხვადასხვა მაჩვენებლის გამოყენება, როგორიცაა: ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა, ინფლაციისა და ეკონომიკის მონეტიზაციის მისაღები დონე, ინვეს­ტი­ციების მოცულობა, საგადახდო სისტემის ხარისხი და საიმედოობა, ფინანსური ბაზ­რის ინფრასტრუქტურის განვითარების დონე. სტატიაში სწორედ აღნიშნულ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდა, საბანკო სექტორის რეგულირება.

ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა

საქართველოში საფინანსო სისტემა ბანკებზეა ორიენტირებული. საბანკო სისტემის ეფექტიანობის ინდიკატორებს წარმოადგენს: კაპიტალიზაციის დონე, აქტივების ხარის­ხი, ოპერაციების დივერსიფიცირება, სარეზერვო ბუფერების არსებობა, გაკოტ­რებათა სიხშირე, დეპოზიტების დაზღვევის ეფექტიანი სისტემა.

ცენტრალური ბანკი მიისწრაფვის რა ინფლაციის შეზღუდვისაკენ და ვალუტის კურსის სტაბილურობისკენ, შეიძლება ატარებდეს ძალზე მკაცრ მონეტარულ პოლი­ტიკას, ეკონომიკური ზრდის ინტერესების საზიანოდ.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულების კრიზისებთან დაკავშირებით, რეგუ­ლატორები, მთლიანად საზოგადოება, უპირატოსობას ანიჭებს ფინანსურ სტაბი­ლუ­რობას ეფექტიანობის საზიანოდ [1, გვ. 33].

ამავდროულად მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის მართვისა და რეგულირების მეთოდების განვითარება, რაც ბანკებს დააინტერესებს განახორციელონ საპროექტო დაფინანსება, დააკრედიტონ რეალური სექტორი, სპეკულაციური ფინანსური ოპერა­ციების საპირწონედ.

საბანკო სექტორის უნარს, დააკმაყოფილოს ეკონომიკური სუბიექტების მოთხოვ­ნები, ასახავს ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა: კრედიტის ხვედრით წონა მშპ-ში, საკ­რე­დიტო დაბანდების  სტრუქტურა და მისი დინამიკა ქვეყანაში, საბანკო კრედიტის წილი ძირითადი საშუალებების დიფანანსების წყაროებში, რაც განვითარებულ და ბევრ განვითარებად ქვეყანაში 55-60%-ია.

საქართველოში სესხების (მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებს და ასევე ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს)  ფარდობა მშპ-სთან 60%-ია. 2017 წელს, კომპანიებზე ბანკების მიერ გაცემული სესხის ზრდამ, კურ­სის ეფექტის გამორიცხვით, 12,1% შეადგინა. თუმცა, კომპანიების შემთხვევაში გასა­თ­ვალისწინებელია ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, როგო­რიცაა პირდაპირი საგარეო სესხები და კორპორატიული ობლიგაციები. 2017 წლის დეკემბრის მონაცე­მებით, კომპანიების  ჯამურ დაკრედიტებაში საგარეო პირდაპირი დაფინანსების წილი 52%-ია, ხოლო ობლიგაციების წილი - 1,4%. კრედიტები ძირითადად სამომ­ხმარებლო სესხითაა წარმოდგენილი [2].

2014 წლისთვის მონეტიზაციის საშუალო მსოფლიო დონე შეადგენდა 125%-ს, განვითარებული ქვეყნებისთვის კი - 150%-ს და მეტს. საქართველოში 2018 წლისთვის M2 აგრეგატი შეადგენდა 8  მლრდ ლარს, ხოლო მშპ - 10, 165 მლრდ ლარს[3]. ამასთან, ინფლაციის ტემპების ცვლილება შესაძლებელია არ იყოს მჭიდრო კორელაციაში ეკონომიკის მონეტიზაციის შემცირებასთან, მაშინ როცა ინვესტიციების ზრდა პიდაპირ დამოკიდებულებაშია მოცემულ მაჩვენებელთან.

განვითარებული ქვეყნების მართვის სისტემებში აღიარებულია ფულად-საკრე­დიტო პოლიტიკის მიზნების განსაზღვრის აუცილებლობა ეკონომიკური ზრდის მაჩვე­ნებ­ლების და არამხოლოდ ინფლაციის მაჩვენებლის საფუძველზე. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის მიზნები, საბოლოო ანგარიშით, მიმარ­თულია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფაზე [4].

როგორც ცნობილია, 2016 წელს სებ-ის ორგანულ კანონში შესწორება შევიდა, რომლითაც ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია არა ეროვნული ვალუტის სტაბი­ლუ­რობაზე, არამედ თარგეტირებული ინფლაციის მაჩვენებელზე და ზოგადად ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე. თავი რომ დავანებოთ მარტივ ჭეშმარიტებას - სტაბილური ეროვნული ვალუტის გარეშე არ არსებობს სტაბილური ფინანსური სისტემა - მიზ­ნობ­რივი ინფლაციის დონის მიღწევამდე ეროვნული ბანკი, ამ შესწო­რებიდან გამომდინარე, სრულებით არ არის დაინტერესებული რეფინანსირების შემცირებით და ლარის გამყა­რებით [5, გვ. 217].

ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ ჩატარებული ფინანსური არასტაბილურობის გამოკ­ვლევებში მითითებულია შესაძლებლობაზე ავირიდოთ შოკების ფართო სპექტრი ფინანსურ სექტორსა და მთლიანობაში ეკონომიკაზე მეგარეგულატორის შექმნის გზით [6]. ამის თვალსაჩინო მაგალითია ევროკავშირის ფარგლებში შექმნილი ახალი საზედამ­ხედველო ორგანო ESRC (European Systemic Risk Council), რომლის მიზანია სისტემური რისკების მონიტორინგი.

ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობს ბანკებისა და სხვა საფინანსო შუამავლების ბიზნესმოდელზე ზემოქმედების ინსტრუმენტარს, რაც ხელს შეუწყობდა გრძელვადიანი ინვესტიციების მიმზიდველობის ამაღალებას ეკონომიკის რეალურ სექტორში. ამასთან, თანამედროვე ქართული ფინანსური სექტორის მოდელში დაფიქრებას იწვევს მისი ინსტიტუციონალური სტრუქტურა. ჰერფინალდ - ჰირშმანის ინდექსის (HHI) მიხედვით, საქართველოში აქტივების კონცენტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის ქვეყებს შორის.

ცენტრალური ბანკების უფლებამოსილება

საბანკო სექტორის რეგულირების თანამედროვე მოდელის საკვანძო საკითხია ცენ­ტრალური ბანკების  საქმიანობის ორგანიზება და მათი უფლებამისილების საზღ­ვრები. ვაანალიზებთ რა 2008-2010წწ. მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგებს სხვა­და­სხვა ქვეყნისათვის, რომლებიც იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს საბანკო სექ­ტორის რეგუ­ლი­რების ორგანიზებისადმი, ყოველი მოდელისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ქვეყნის მაგალითი, სადაც კრიზისმა გამოიწვია სისტემურად მნიშ­ვნე­ლოვანი ბანკების კრახი ან პირიქით, კრიზისის შედეგები საბანკო სისტემისათვის არც ისე მნიშ­ვნელოვანი იყო. ამგვარად, საბანკო ზედამხედველობის ეფექტიანობას განსაზღვრავს არა იმდენად, თუ რომელი და რა რაოდენობის ორგანოები ახორციელებს მას, არამედ ზემოქმედების რომელ ინსტრუ­მენტებს ფლობენ ისინი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი თანამ­შრო­მლების პროფე­სიო­ნალიზმი და ორგანიზაციული სტრუქტურა.

უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ნდობას საბანკო სის­ტემისადმი, არის დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.

საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის არათანაბარზომიერი განვი­თა­რებისა და გლობალიზაციის პროცესის არსებითი გავლენის გამო, ქართულ ფინა­ნსურ სექტორზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების ზღვარ­გადასულ გამოყე­ნებას, კომერციული ბანკების საქმიანობაზე კონტროლისა და ზედამხედველობის პრაქ­ტიკის გარეშე, შეუძლია გამოიწვიოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეალურ ეკო­ნომიკაზე ზემოქმდების გადამცემი მექანიზმის (ტრანსმისიური მექანიზმის) დარღვევა.

რეგულირების ინსტრუმენტების მეორე ჯგუფი დაკავშირებულია პრუდენციული ზედამხედველობის ფუნციების რეალიზებასთან, რაც თანამედროვე პირობებში არსე­ბითად ვითარდება და იცვლება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ბაზელი  III-ის დანერგვა არაერთმნიშვნელოვანია საბანკო სექტორისა და ეროვნული ეკონომიკის ინტრესების ჰარმონიზაციისათვის.

მაკროპრუდენციული რეგულირების ძირითადი მიმართულებებია:

-       საბანკო სექტორის მდგრადობის კონტრციკლური რეგულირება (კაპიტალის დამა­ტებითი ბუფერების საშუალებით);

-       საბანკო სისიტემის ლიკვიდობის შენარჩუნების სტიმულირება;

-       რისკების კონცენტრაციის რეგულირება.

ინფლაცია საქართველოში ძირითადად არამონეტარულ ხასიათს ატარებს. ეკონო­მიკის მონეტიზაციის არსებული დაბალი დონისას, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ღონისძიებები ქართულ ეკონომიკურ დინამიკაზე უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს, ვიდრე პოზიტიურს.

უფრო მკაცრი მოთხოვნების წამოყენება რისკების დაფარვისადმი მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისათვის და კონტრციკლური რეზერვების ფორმირება საქართველოში ეს-ესაა დაიწყო, ამიტომ ძნელია მსჯელობა მის ეფექტიანობაზე.

ძირითად საგარეო რიკსებს შეიძლება მივაკუთნოთ:

-       ეკონომიკური ზრდის ტემპების მნიშვნელოვანი შენელების რისკები შიდა და საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად, რაც საქმიანი აქტივობის დონის შემცი­რების ფაქტორია;

-       მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების გაურკვევლობა;

-       იპოთეკური დაკრედიტების ბაზრის გადახურების საფრთხე;

-       რბილმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ, რასაც ატარებს განვითარებული  ქვეყ­ნე­ბის ცენტრალური ბანკები, გააძლიერა გლობალური ინვესტორების მხრიდან მაღ­ალ­შემოსავლიანი აქტივების ძიების ტენდენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  სპეკულაციური ბუშტების ფორმირება ფინანსური ბაზრების ცალკეულ სეგმენ­ტზე;

-       აპეტიტის გაზრდა რისკისადმი ინვესტორების მხრიდან შეიძლება გახდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის გადახურების ფაქტორი;

-       გლობალური ფინანსური სტაბილურობისათვის შესაძლოა არსებითი გამოწვევა გახდეს რისკების რეალიზება საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შედეგად, საპ­როცენტო განაკვეთების რეკორდულად დაბალ დონეებზე ძალზე ხანგრძლივად შენარჩუნების პირობებში. წამყვან ვალუტებზე განაკვეთების  გაზრდას შეიძლება მოჰყვეს კაპი­ტალის ნაკადების ვოლატილობა შიდა ბაზრიდან უცხოელი ინვეს­ტორების სახ­სრების გადინების რისკის გაძლიერების გამო. საბაზისო საპროცენტო განაკ­ვეთების ცვლილებამ და ბაზრის მონაწილეების მოლოდინების შეცვლამ შესაძლოა გამოიწ­ვიოს აქტივების ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირება, ეროვნული ვალუტების გაუ­ფასურება და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სავალო მდგრადობის ინდიკატორები საერთაშორისო ნორმებით ზომიერია, საბანკო სექტორის სესხების ზრდა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე არ შეიძლება დარჩეს რეგულატორის ყურადღების მიღმა.

ბაზელ III-ის ლიკვიდობის ნორმატივების შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს საბანკო საპროცენტო მარჟის შემცირება მაღალლიკვიდური აქტივების ხვედრით წონის ამაღლებისა და გრძელი პასივების ღირებულების ზრდის გამო, აგრეთვე დაკრე­დი­ტების საშუალო ვადების შემცირება 1 წლამდე, რამეთუ ბანკებს არა აქვთ აუცილებელი გრძელვადიანი სარესურსო ბაზა მოთხოვნების შესასრულებლად წმინდა სტაბილური დაფინანსების მაჩვენებლის (NSFR) მიხედვით.

ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, რომლის გადალახვაც აუცილებელია ბაზელის კომიტეტის ახალი კონცეფციების დანერგვისას, იქნება სისტემურად მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების რეგულირების პრობლემა. დამატებით არგუმენტაციას არ საჭიროებს სისტემურად მნიშვნელოვან ფულად-საკრედიტო ინსტიტუტებზე სპეცია­ლური ზედამხედველობის აუცილებლობა.

2012 წელს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა განავითარა გაიდ­ლა­ი­ნები – სისტემური მნიშვნელობის ნაციონალური ბანკების საქმიანობის რეგული­რე­ბისათვის.

ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციით ეროვნულმა რეგულატორებმა და ზედამ­ხედველებმა უნდა განავითარონ თავისი საკუთარი მეთოდოლოგია ბანკების სისტე­მური მნიშვნელობის შეფასებისათვის, იღებენ რა მხედველობაში მათ შესაძლო გაკოტ­რების შედეგებს და ეროვნული ეკონომიკის მახასიათებლებს [7, გვ. 148].

საქართველოში ასეთი ბანკების კატეგორიას მიეკუთვნება საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ლიბერთი ბანკი.

ბანკების სოციალური პასუხიმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინება შეიძლება გახდეს რეგულატორული მოთხოვნების მოდერნიზაცია და ცვლილება ფასდა­დე­ბი­სადმი საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ხარჯვითი მიდგომა ფასდადებაში, რომელსაც ბანკები იყნებენ, ფაქტობრივად იწვევს რისკებისა და დანახარჯების გადაკისრებას (მათ შორის ჯილდოების) საბანკო მომსახურების მომხმარებლებზე. ამგვარი მოდელი არ პასუხობს მეურნეობრიობის საბაზრო მოდელს, ეწინააღმდეგება საბანკო ბიზნესის არსს - რისკების აღებასა და მართვას. ამასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის ცვლილებები, რაც დაკავშირებულია თანამშრომელთა ჯილდოების გადახ­დის დასაბუთებასთან რისკების მართვის დონესა და შედეგებზე დამოკი­დე­ბულებით, გადაწყვეტს გარკვეულწილად ამ პრობლემას.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უნდა აღიჭურვოს ისეთი ფუნქციით, როგო­რიცაა სისტემის მონაწილე საკრედიტო ორგანიზაციების პრობლემების პირველი ნიშ­ნების გამოვლენა.

დასასარულ, სავსებით მისაღებია ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე პრეზი­დენტის ვ. კონსტანციოს მოსაზრება: „ცენტრალური ბანკების მეთაურებმა უნდა აღი­არონ, რომ ინვესტიციებისა და ერთობლივი მიწოდების ხელშეწყობისათვის აუცი­ლებელია საგადასახადო-საბიუჯეტო, რეგულატორული და კონკურენციული პოლიტიკის წვლილიც“ [8].

ლიტერატურა:

  • Роджер Лерой Миллер, Дэвыд  Д. Ван-Хуз, Современные деньги и банковское дело, пер.  c англ. Инфра М., 2000.
  • https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3239
  • geostat.ge
  • https://www.federalreserve.gov/pf/pdf/pf_2.pdf, p.15
  • მექვაბიშვილი ე. გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართვე­ლოს ეკონომიკა, თბილისი,  „ინტელექტი“, 2018.
  • Demirguc- Kunt A., Detragiache E.  Cross-Country Empirial Studies of Systematic Bank Distress: A Survey. IMFWP, May, 2005
  • Kovzanadze I. Global Economy: Post-crisis to  Sustainabe Developmnet, Bloomington, “Universe”, 2018.
  • Constâncio V. Challenges for future monetary policy frameworks: European perspective. The speech at the 19th Annual International Banking Conference “Achieving Financial stability: Challenges to prudential regulation”. Chicagoб 4 November.